რიგაში ბალტიის ასამბლეის კონფერენცია გაიმართა

რიგაში ბალტიის ასამბლეის კონფერენცია გაიმართა

ლატვიის რესპუბლიკის სეიმმა ბალტიის ასამბლეის კონფერენციას „ერთად თანამშრომლობის გაღრმავებისთვის" უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბალტიის ასამბლეის, ბენელუქსის პარლამენტის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის, ჩრდილოეთის საბჭოსა და ვიშეგრადის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგებლები, ასევე ევროპის კავშირის ევროპული კომისიის წარმომადგენელი, ექსპერტები და სხვადასხვა სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა წარმოადგენდნენ.

სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მან საქართველოსა და უკრაინას ვიზის ლიბერალიზაცია მიულოცა. „აღმოსავლეთ პარტნიორობა არის სამუშაო ფორუმი და არა შედეგი. სწორედ ამ შედეგზე უნდა მოხდეს მთელი ძალისხმევის მიმართვა", - აღნიშნა სეიმის თავმჯდომარემ.

როგორც ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა აადუ მუსტიმ კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ევროკავშირის ურთიერთობები ესტონეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. „ბალტიის ასამბლეა გამუდმებით ზრუნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე და როგორც წარსულში, ისევე მომავალშიც ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", - აღნიშნა მან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. საქართველო საშინაო დავალებებს ზედმიწევნითი სიზუსტით ახორციელებს და ატარებს ისეთ რეფორმებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა, პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების დაცვას. რეფორმების შედეგებმა ნაყოფი გამოიღო, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესებით", - აღნიშნა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ, „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების" პანელზე.

დეპუტატის განცხადებით, ბალტიის ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ბალტიის ასამბლეასა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეას შორის ურთიერთობა ყოველთვის ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული იყო. დეპუტატის თქმით, ყოველ ვიზიტზე და შეხვედრაზე შესამჩნევი ხდება, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. მისივე თქმით, სუამის საპარლამენტო ასამბლეა ხელს შეუწყობს არსებული ურთიერთობების გაღრმავებას და ნებისმიერ ფორმატში გააგრძელებს ბალტიის ასამბლეასთან აქტიურ თანამშრომლობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პანელში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ფარგლებში ხალხთა შორის ურთიერთობებს ეძღვნებოდა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო დავსწრებოდი სუამ-ის, ბალტიკური ასამბლეის, ბენილუქსისა, ნორდიკული საბჭოს და ვიშეგრადის ქვეყნების ერთობლივ კონფერენციას, სადაც მომეცა საშუალება სესიაში „ხალხთა შორის კავშირები" მოხსნებით გამოვსულიყავი ჩემი კოლეგების წინაშე და გამომეხატა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის თანამშრომლობის ეს ფორმატი და მათი მხარდაჭერა. ყურადღება გავამახვილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, საერთაშორისო დიპლომატიის მნიშვნელობისა და ხალხთა შორის კავშირების გამყარების პროცესზე. ხაზი გავუსვი საერთო პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს და თანამშრომლობას სავაჭრო და ენერგეტიკის მიმართულებით. ვისაუბრე საქართველოში წარმატებით გატარებული რეფორმების შესახებ, რამაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში ლიდერად აქცია", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პროექტზე, რომელიც განათლების, კულტურული და კვლევითი მიმართულების განვითარებისკენაა მიმართული.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ლატვიელ კოლეგებთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლატვიის სეიმის ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ედვინ შნორეს, ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ოიარს ერიკ კალნინშს და სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლოლიტა ჩიგანესს შეხვდა, სადაც ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიმართება. მხარეებმა, საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ბალტიის ასამბლეის მნიშვნელობაზე და მსგავს ფორმატებში საქართველოსთან უფრო ინტენსიურ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.