ტედ პო:   ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული

ტედ პო: ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული

ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, იგი ამაყია, რომ იკავებს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარის პოსტს.

მან ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე მეგობრობას და პარტნიორობას და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება“, - განაცხადა ტედ პომ.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზე საუბრისას კონგრესმენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო დემოკრატიის დაკნინების მცდელობა, რადგან საქართველო სწორედ დემოკრატიის და იმედის შუქურად მოიაზრებოდა და კვლავაც მოიაზრება რეგიონში.

მისი თქმით, მსოფლიოს რეაქცია პუტინის აგრესიაზე არ იყო სათანადოდ მკაცრი, რამაც მოსკოვი შემდგომი ქმედებებისკენ წააქეზა.

ამ კონტექსტში კონგრესმენმა გაიხსენა 2008 წელს მის მიერ გაკეთებული პროგნოზი, როდესაც თქვა რომ „ეს არ არის რუსულია აგრესიის დასასრული და შეხედეთ რა მოხდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში!“.

კონგრესმენის მოსაზრებით მნიშნველოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნა.

ამ მხრივ მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის როლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, ”რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება“, - განაცხადა ტედ პომ.

კონგრესმენმა პომ აღნიშნა საქართველოს წარმატება ეკონომიკური განვითარების მხრივ და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას.

ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად, კონგრესმენმა აღნიშნა ქართველების როლი ევროატლანტიკური უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისთვის.

”ბრძოლის ველზე თანამშრომლობა კიდევ უფრო აღრმავებს კავშირს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის“, -აღნიშნა მან.

”მინდა გამოსვლა დავასრულო ამერიკის 35-ე პრეზიდენტის სიტყვებით - „უნდა გავაგებინოთ ყველა ქვეყანას, მოყვარეს თუ მტერს, რომ აშშ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გამოწვევის ფონზე მხარს დაუჭერს მეგობარს, შეებრძოლება ნებისმიერ მტერს, რათა გადაარჩინოს თავისუფლება“ - სწორედ ეს ფრაზა აღწერს იმ ტიპის ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს”, - აღნიშნა სენატორმა.