უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი მოსიძე, ჯგუფის წევრებთან ერთად, უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს შეხვდა.

გიორგი მოსიძემ უკრაინის ელჩს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭება მიულოცა, რომელიც უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

 შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს და ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების არსებობას გაუსვეს ხაზი.

უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრაში, სადაც გიორგი მოსიძესთან ერთად, ზაზა ხუციშვილი,ენძელა მაჭავარიანი, ირაკლი ბერაია, სვეტლანა კუდბა, გელა სამხარაული, შოთა შალელაშვილი, შოთა ხაბარელი და გიორგი ლომია მონაწილეობდნენ, მხარეები სამომავლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში უკანასკნელ წლებში განვითარებულ მოვლენებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე.

იგორ დოლგოვმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ელჩმა უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისათვის პირობების შექმნისა და დახმარების აღმოჩენისათვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

უკრაინულმა მხარემ საერთაშორისო არენაზე ორი ქვეყნის ქმედებების კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების კონტექსტში აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ერთად დგომა და მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსის მოპოვება მეტად მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე, უახლოეს პერიოდში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ასევე, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე გამახვილდა ყურადღება.

იგორ დოლგოვმა, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მიწვევისთვის, პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს გაიმართება.