კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები

კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები

კონსტიტუციის კანონის პროექტები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარმოადგინა. მომხსენებელმა გამოსვლის დასაწყისში საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფართოდ მიმოიხილა ის ამოცანები, რაც ახალი საკონსტიტუციო პროექტის მომზადების მიზანს წარმოადგენდა. მისი განცხადებით, ოთხთვიანი მუშაობის შედეგად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა, ქვეყნის უზენაესი კანონის პრაქტიკულად ახალი რედაქცია მოამზადეს, რომელშიც ფუნდამენტალური ცვლილებები განხორციელდა.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის წინასწარ დოკუმენტში მოცემული მოსაზრებების პროექტზე ისაუბრა და კონსტიტუციური დოკუმენტი სწორედ აღნიშნული მოსაზრებების ჭრილში წარმოადგინა. პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის წინასწარი დოკუმენტის გასაჯაროების ფაქტს შეეხო და ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს სამწუხარო უწოდა.

„ვენეციის კომისიის თხოვნა იყო დოკუმენტის არ გასაჯაროება, გამომდინარე იქიდან, რომ იგი წინასწარი დასკვნის პროექტს წარმოადგენს. ჩვენ ეს პირობა პირნათლად დავიცავით, თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინ „ტაბულას" საინფორმაციო საშუალებით გაჟონა ინფორმაციამ და სიტყვა-სიტყვით იყო ციტირებული ჩანაწერები. რეალურად ორ სუბიექტს ჰქონდა მხოლოდ ეს დოკუმენტი - პარლამენტის ხელმძღვანელობას და საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს ლეგიტიმური ეჭვები, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და ამ ეჭვებს თავისი საფუძველი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო შეშფოთებულია და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე ჟონავს ინფორმაცია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი სრულად იზიარებს დასკვნის შინაარსს, სადაც წარმოდგენილია კონკრეტული შენიშვნები და თითოეულ რეკომენდაციაზე პარლამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„თითოეული შენიშვნა, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაშია წარმოდგენილი ჩვენთვის მისაღებია. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც ჩვენ გვჭირდება დაკონკრეტება. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებულ გაურკვევლობასთან გვაქვს ადგილი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ამის შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ საბოლოო დასკვნას. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და სწორედ მას შემდეგ დავიწყებთ საკითხის განხილვას პლენარულ სხდომაზე. ამის გამო, დაიგეგმა რიგგარეშე სხდომის გამართვა, სადაც პირველი მოსმენით განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და თვის ბოლომდე დაგეგმილია დოკუმენტის მეორე მოსმენისთვის მიღება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე კონსტიტუციური კანონპროექტის შინაარსი წარმოადგინა და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გათვალისწინებით, თითოეულ თავზე დეტალურად ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება იმ ახალ მიდგომებსა და კონცეპტუალურ ცვლილებებზე გაამახვილა, რომლებიც მოქმედ კონსტიტუციურ რედაქციაში არ იკითხება. მისი ინფორმაციით, კომისია, წინასწარი მოსაზრებების პროექტით, სრულად იზიარებს კონსტიტუციის პრეამბულასა და პირველ თავში მოცემულ ნორმებს. რაც შეეხება მეორე თავში მოცემულ ქორწინების უფლების ჩანაწერს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მასთან დაკავშირებით შენიშვნა, როგორც ასეთი გამოთქმული არ არის და საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტებას ნეგატიური ინტერპრეტაცია არ უნდა მოყვეს და მან კანონმდებლობის დონეზე რაიმე ფორმით დისკრიმინაციული მიდგომა არ უნდა გამოიწვიოს.

„კონსტიტუციის მესამე თავზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ეხება, პოზიტიურად იქნა შეფასებული ის რეგულაციები, რომლებიც ოპოზიციის უფლებების განმტკიცებასთან არის დაკავშირებული. ძირითადი განსახილველი თემა ამ თავში იყო საარჩევნო სისტემა. მასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები აბსოლიტურად მისაღებია, როდესაც ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწესება შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან ერთად, პოლიტიკური ბლოკების გაუქმებასთან და 5%-იანი ბარიერის დაწესებაზე კომისიას შენიშვნები არ აქვს, ასევე ბონუსის სისტემასაც ლეგიტიმურად მიიჩნევს და საუბარია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დაწესებულია 5%-იანი ბარიერი და იკრძალება ბლოკები, შეიძლება ბონუსის მოცულობა ზედმეტად გაიზარდოს, რამაც შეიძლება თანასწორობის პრინციპის ხელყოფა გამოიწვიოს.

„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებშიც გამოვთქვით მზადყოფნა ბონუსისთვის ზედა ზღვარის დაწესებაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ზედა ზღვარის არსთან დაკავშირებით და სამი სხვადასხვა თეორიული მოდელი განვიხილოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და სამ განსხვავებულ მოდელზე ისაუბრა, რომელიც სრულად გამორიცხავს გამარჯვებული პარტიისთვის ბონუსის სახით აბსოლუტური უმრავლესობის მინიჭების შესაძლებლობას და საუბარია მხოლოდ სრული შემადგენლობის 2/3-ით შევსებაზე ან უფრო ნაკლები რაოდენობის დეპუტატებზე. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა ვარიანტში ბონუსის დანამატი ერთნიშნა რიცხვზე მაღალი არ უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად უნდა იქნეს მიღებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს კონსტიტუციის მეოთხე თავთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებებიც გააცნო. მისი განცხადებით, მეოთხე თავთან, რომელიც პრეზიდენტის სტატუსს, უფლება-მოვალეობებს და არჩევის წესს ეხება, კომისიის მხრიდან არსებითი შენიშვნები არ გამოთქმულა და მისი სტატუსი და უფლებამოსილება სრულად შეესაბამება მმართველობის იმ სისტემას, რომელიც საქართველოში მოქმედებს დღეს და იმოქმედებს ხვალაც.

„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს - ვენეციის კომისია მიესალმება იმას, რომ ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე და კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული წესი პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციასთან შესაბამისობაშია. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ექვსი თვის განმავლობაში, რომ უმჯობესია მოქმედი სისტემისთვის პრეზიდენტი იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მართველობის სისტემის სათანადო გამართული ფუნქციონირება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომისიამ შენიშვნები უშუალოდ პროცედურებთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც ფარული არჩევის წესით გაუქმებას შეეხება და ამ კუთხით ბერძნული გამოცდილებაა მოყვანილი, სადაც ფარული კენჭისყრა ღია მოდელით შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგადად დოკუმენტი პოზიტიურად არის შეფასებული, მაშინ როცა, 2010 წლის დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ თავისთავად დადებითია სვლა საპარლამენტო სისტემისკენ, თუმცა ეს პროცესი ბოლომდე იყო მისაყვანი და დღეს უკვე, ახალი დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ბოლომდე მიდის ის პროცესი, რომელიც თავის დროზე დაიწყო და ყალიბდება დახვეწილი საპარლამენტო სისტემა, რაც თავიდანვე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ამოცანას წარმოადგენდა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის თავზეც ისაუბრა და იგი მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთ მთავარ სუსტ მხარედ შეაფასა და ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციები გაიხსენა, სადაც საუბარი იყო ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უხეშ დარღვევებზე. „დღევანდელი რეგულაციების თანახმად, პრაქტიკურად შეუძლებელია პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევაა და ეს კონსტიტუციის საკვანძო ხარვეზი დღეს გამოსწორებულია, რაც უაღრესად ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითად არის შეფასებული. ცვლილებებით სათანადოდ წესრიგდება როგორც მთავრობის სტატუსი და კომპეტენციები, ასევე პრემიერ-მინისტრის სტატუსი და უფლებამოსილებები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური პროექტის მეექვსე და მეშვიდე თავებზეც ისაუბრა, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების და სახელმწიფო ფინანსების და კონტროლის მიმართულებებს ეხება. პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლოს მიმართ ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა ყველა ის შენიშვნა, რაც კომისიამ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიმართ წინასწარ დასკვნაში გამოთქვა. მისი განცხადებით, შენიშვნების დიდი ნაწილი მისაღებია, თუმცა არის საკითხები, რომელთა დაკავშირებით კომისიასთან კონსულტაციების გაგრძელება უნდა შედგეს. ასეთ ერთ-ერთ საკითხად, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასაკი დაასახელა, რომელიც 35 წლით არის განსაზღვრული და კომისიის რეკომენდაცია მის აწევას შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევ ისაუბრა კონსტიტუციის დარჩენილ თავებზე, გარდამავალ დებულებებზე, კანონის ამოქმედების ვადებსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საკონსტიტუციო კანონპროექტზე.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

https://www.youtube.com/watch?v=DcWfmNKwDFo

 

·