პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარებს აღარ გავაკეთებ

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარებს აღარ გავაკეთებ

ხშირად კეთდება ხოლმე სამწუხაროდ, არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ნამდვილად ხელს არ უწყობს კონსესუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. აბაშიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე.

„მე პრეზიდენტის განცხადებებზე აღარ გავაკეთებ კომენტარებს. ხშირად კეთდება ხოლმე სამწუხაროდ, არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც ნამდვილად ხელს არ უწყობს კონსესუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. აქედან გამომდინარე, დღეს მე მოვერიდები რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანაში გამოირიცხოს ყოველგვარი ავტოკრატია და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული პროცესების სტაბილური განვითარება.

„ეს არის ამოცანა. დანარჩენი არის სპეკულაციები. დანარჩენი არის, სამწუხაროდ, არასერიოზული საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.