თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მსჯელობა გაიმართა

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მსჯელობა გაიმართა

„ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რეფორმა სწორი მიდგომით განხორციელდეს. ამისთვის, პარლამენტი მთავრობასთან, კერძოდ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ერთიანი ხედვა, რომელიც თვითმმართველობის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხილვას დაეთმო.

შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, რეფორმასთან დაკავშირებით კონცეპტუალური ხედვები წარმოადგინეს და საკუთარ არგუმენტებზე ისაუბრეს. განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა  თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი და მათი განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებული მიდგომები.

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მასთან დაკავშირებული კომპონენტები გააცნო, რომლებიც, მისივე შეფასებით, თვითმმართველობის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას გულისხმობს. ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსურ მხარესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი შემოსავლების ხვედრითი წილი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ევროპულ მინიმალურ სტანდარტს ბევრად ჩამორჩება.

„შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ესწრებოდა, ჩვენი ხედვა წარვადგინეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ქონდეს თავისი ყველა კომპონენტით, მათ შორის ფისკალური კომპონენტებით. ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაუახლოვდეთ საშუალოვადიან პერსპექტივაში თვითმმართველობის სისტემის ევროპულ სტანდარტს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ ამოცანა შესრულება თანმიმდევრული გეგმის შესაბამისად უნდა მოხდეს.

რაც შეეხება შვიდი ერთეულის გაერთიანებას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი წარვადგინეთ. მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ ლოგიკაზე უნდა იყოს აგებული თვითმმართველობის სისტემა და ეს ლოგიკა ნებისმიერი ერთეულისთვის საერთო მიდგომას უნდა წარმოადგენდეს. ურბანული და არაურბანული დასახლებები არიან ურთიერთქმედებაში და ამ ლოგიკურ პრინციპს ვუბრუნდებით ჩვენ ამ შვიდ ერთეულშიც.

დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს მეტი უფლებამოსილების და რესურსის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, საუბარია დამატებითი კომპეტენციების მინიჭებაზე. დღევანდელი მონაცემებით თვითმმართველი ერთეულების შემოსავლების ხვედრითი წილი, მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით 4.8%, რაც ევროპულ მინიმალურ სტანდარტზე ბევრად ნაკლებია, რომელიც დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ჩვენი ამოცანაა დაუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, პირველ რიგში ფისკალურ დეცენტრალიზაციის კუთხით, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს რამდენჯერმე გაზრდის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.