დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე

დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე

კომპრომისი არავის უთხოვია, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

აბაშიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე.

"რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არის არასწორი სიტყვა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველ ხალხს სურს, აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ წლებში. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას",- განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვა პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებამდე არ დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონატიტუციო რეფორმასთან მიმართებაში დესტრუქციულ მოქმედებებში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. კობახიძის თქმით, "ეს გეგმა არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა, ამიტომ ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი კომპრომისს პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში“. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობაში სერიოზული წინააღმდეგობაა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს.