საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, დახურულ შეხვედრას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, დახურულ შეხვედრას მართავს

საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, დახურულ შეხვედრას მართავს. შეხვედრა სოფელ მუხრანში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, განხილვის საგანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები.

”ძირითადი დრო მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროგრამა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ, ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. კიდევ ერთი თემა არის მზადება საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვებისთვის”, - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, დღეს მსჯელობა თბილისში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატზე არ იქნება, თუმცა როგორც მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, ”კახა კალაძე არის გუნდის მნიშვნელოვანი ფორვარდი და მისი კანდიდატურის განხილვა ნებისმიერ საპასუხისმგებლო პოსტზე, ძალიან რეალურია”.