აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის დროულად და ეფექტურად გამოძიება პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა მარიამ ჯაშმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
ჯაშის თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი იმ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე. “მომხდარი ფაქტით ყველანი შეშფოთებული ვართ – როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ბუნებრივია, შეშფოთებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანა ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე. ჩვენ გვაქვს პროგრესი ამ მიმართულებით. შეშფოთება, რომელიც გამოითქმის, არის საერთო”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
“ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, მომხდარის გამო აქვს თუ არა მას კითხვა, საკუთრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით, ჯაშმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში და ძალიან დიდია ინტერესი, რომ ყველაფერი დროულად იყოს გამოძიებული.