პრეზიდენტს მოეწონა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და მიგვაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში ეს არის სწორი იდეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ოჯახს პრეზიდენტმა დაჩქარებული წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ოჯახის სურვილის შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.
"პრეზიდენტის დავალებით ხვალ, დავუკავშირდები ჟურნალისტის ოჯახს და მათი სურვილის და მომართვის შემთხვევაში, დავიწყებთ პროცედურებს. საგამონაკლისო წესით, უსწრაფეს ვადაში პრეზიდენტი მათ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
„მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.