გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს

გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში. 

„მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარება, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. „ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.