ხვალ სულთმოფენობაა

ხვალ სულთმოფენობაა

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ხვალ, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ხვალვე ასევე მე-15 საუკუნეში აჭარაში თურქთაგან წამებული წმინდა მამათა და დედათა ხსენების დღეა, რომელიც გარდამავალია და სულთმოფენობას მოიხსენიება.

ასევე კომანში (აფხაზეთში) 308 წელს წამებული ბასილისკოსი ხსენებაა.

მომავალი კვირა, 5 ივნისიდან, მორწმუნეებისთვის მსგეფსია, რომლის დროსაც ხსნილია ყოვლითურთ.

12 ივნისიდან კი, პეტრე-პავლობის ერთთვიანი მარხვა დაიწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.