წითელი ჯვრის ბაქოს ოფისის წარმომადგენლები აფგან მუხთარლისთან ციხეში არ შეუშვეს

წითელი ჯვრის ბაქოს ოფისის წარმომადგენლები აფგან მუხთარლისთან ციხეში არ შეუშვეს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთან წითელი ჯვრის ბაქოს ოფისის წარმომადგენლები არ შეუშვეს, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მუხთარლის ოჯახის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამორიცხული არ არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

”გუშინ გახდა ჩვენთვის ახალი ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი, რომ გამტაცებლები იყვნენ ძალოვანი უწყების ფორმაში. ეს გარემოებები დიდი ალბათობით გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. ერთადერთი რაც შევძელი, დავუკავშირდი წითელი ჯვრის ბაქოს ოფისს და შევატყობინეთ ეს ინფორმაცია. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იყო მცდელობა აფგან მუხთარლისთან შესვლის, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული მიზეზებით არ დაუშვეს მასთან წითელი ჯვარი. აქედან გამომდინარე მის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ საგანგაშოა”, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.

დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.