აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატები მოითხოვენ, რომ გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს

აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატები მოითხოვენ, რომ გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ინტერესების დამცველები მოითხოვენ, რომ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ახალი გარემოებებით ირკვევა, რომ საქმე ცდება ძველი თბილისის რაიონის განყოფილების გამოძიების ფარგლებს. ჩოფიკაშვილის თქმით, აფგან მუხთარლის ოჯახი და ადვოკატები აპირებენ, რომ შესაბამისი მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართონ.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ მთავარ პროკურატურას, ვინაიდან, ამ დანაშაულის ჩადენის ადგილი არამხოლოდ თბილისია, არამედ ეს დანაშაული გაგრძელდა მთელი გზა, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე. მას თავისუფლება ჰქონდა უკანონოდ აღკვეთილი მთელი გზა ლაგოდეხამდე. ამიტომ ეს აღარ არის უკვე მხოლოდ ძველი თბილისის განყოფილების გამოსაძიებელი საქმე. ასევე ახალი გარემოებებიდან და ინფორმაციებიდან გამომდინარე შეიძლება დაიწყოს გამოძიება იმ თანამდებობის პირების მიმართ, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ამ დანაშაულთან. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ პროკურატურამ ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება. იმედს ვიტოვებთ, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება საქართველოში“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხული არაა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

„გუშინ გახდა ჩვენთვის ახალი ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი, რომ გამტაცებლები იყვნენ ძალოვანი უწყების ფორმაში. ეს გარემოებები დიდი ალბათობით გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს. ერთადერთი რაც შევძელი დავუკავშირდი წითელი ჯვრის ბაქოს ოფისს და შევატყობინეთ ეს ინფორმაცია. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იყო მცდელობა აფგან მუხთარლისთან შესვლის, მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული მიზეზებით არ დაუშვეს მასთან წითელი ჯვარი. აქედან გამომდინარე, მის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავ საგანგაშოა“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ქართული გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობს ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის ინტერესების დამცველი ნიკოლოზ ლეგაშვილი.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ ინტენსიურად ახორციელებს აზერბაიჯანის მოქალაქეების ინტერესების დაცვას საქართველოს საგამოძიებო ინსტიტუტებში. ჩვენ მხოლოდ გუშინ დაგვიკავშირდა გამომძიებელი, რათა დაიკითხოს აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი. უნდა აღინიშნოს, რომ 29 მაისიდან რამდენიმე დღე გავიდა და დღემდე არ მომხდარა აფგანის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას დაკითხვა“, - განაცხადა ლეგაშვილმა.