იან კელი:  ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

იან კელი: ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გავცე პასუხი. პანკისის ხეობაში ვიყავი ერთხელ და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ალბათ, სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებული. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველოს განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", - განაცხადა იან კელიმ.

პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა გუშინ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ”დღეს საქართველოს მთავრობა არის მძევალი ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის”.

"ამერიკის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა იქ", - განაცხადა წითელაშვილმა.