თამარ ჩუგოშვილმა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თამარ ჩუგოშვილმა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა დღეს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის საჯარო ფინანსების მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის თანამშრომლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო ფინანსების მართვისა და საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით. მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო ფინანსების მართვის ინსტიტუციონალური მმართველობითი ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საერთო ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალამდე, GIZ-ის პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" - დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, GIZ-ის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული იყვნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ღონისძიება გახსნა GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის სახელით კვლავაც აგრძელებენ დახმარებას და მხარდაჭერას, რისი დასტურიც ახალი, სამწლიანი პროგრამის დაწყებაა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში.

შეკრებილთ ასევე მიმართეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) წარმომადგენელმა იოჰანეს დოპჰელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ და GIZ-ის პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელმძღვანელმა პეტერ დინაიგერმა.

როგორც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) წარმომადგენელმა იოჰანეს დოპჰელმა აღნიშნა, გერმანელებსა და ქართველებს შორის ახლო და ნდობით განმსჭვალულ ურთიერთოებებს თითქმის 200-წლოვანი ისტორია აქვს, და გერმანია იყო ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებიდან პირველი, ვინც ამ 25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო აღიარა და დაამყარა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. შესაბამისად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან თანამშრომლობს საქართველოსთან. თავდაპირველი გადაუდებელი დახმარება უკვე საჭიროებებზე დაფუძნებულმა რეგიონული განვითარების თანამშრომლობამ შეცვალა.

„გერმანია, შეერთებული შტატების შემდეგ, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორია განვითარების ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით. 1992 წლიდან BMZ-მ 820 მილიონ ევროზე მეტი გაიღო ორმხრივი დახმარების ფარგლებში, 2010 წლიდან კი რეგიონული პროგრამების სახით 270 მილიონ ევროზე მეტია გაღებული. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გააუმჯობესა პროგრამული ბიუჯეტები, იურიდიული განათლების ხარისხი, საჯარო ფინანსების სფეროში ანგარიშვალდებულება და სხვა", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და მიზანმიმართული გახადოს. მისი შეფასებით, საქართველომ უკვე მიაღწია ძალიან კარგ შედეგებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზაზე და ამ მიმართულებით სვლა კიდევ უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, BMZ-ის მიერ დაფინანსებული საჯარო ფინანსების მართვის პროექტი სწორედ ამისკენ არის მიმართული და ეს პროექტი მხარს დაუჭერს ამ სფეროში საქართველოს ინსტიტუტების მიერ რეფორმების განხორციელებაზე გაღებულ ძალისხმევას. სტუმარმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქართველ ხალხს წარმატებები უსურვა.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს და ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელი ხალხი, გერმანიის მთავრობა და ხელისუფლება იყო ყოველთვის ჩვენ გვერდით და საქართველოს სხვადასხვა რეფორმების განსახორციელებლად ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა როგორც პოლიტიკურს, ასევე ფინანსურს. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსათვის მართლაც რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და სტუმრებს, მთელ გერმანელ ხალხს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რასაც გერმანია, მისი მოსახლეობა იჩენდა ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ და რისი დიდი მადლიერიცაა ქართველი ხალხი.

მან დღევანდელი მემორანდუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობას მოგვცემს მთელი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაში - დაწყებული მისი დაგეგმვიდან, შესრულების თუ შემდგომი ზედამხედველობის პროცესში.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დახმარებების შედეგად უკვე განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ცვლილება, მათ შორის საბიუჯეტო ოფისის რეფორმა და სხვა, რომელთაც თვით პარლამენტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის, ზედამხედველობის კუთხით განახლებული სტანდარტები შემოგვთავაზა.

„მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ვისარგებლოთ მეგობრების მხარდაჭერითა და დახმარებით, და კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს პარლამენტის მხრიდან სტანდარტები საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მუშაობაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი აზრით, აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების, შესწავლისა და რეაგირების მოხდენა, გარკვეული საზედამხედველო ფუნქციის შესრულება ამ ინფორმაციის გამოყენებით, სწორედ ის მიმართულება არის, სადაც პარლამენტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს და დახვეწოს თავისი საქმიანობა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი სწორედ ამ მიმართულებით პარლამენტის საქმიანობის სერიოზულად დახვეწას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

დასასრულ, მან სტუმრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დახმარებისა და თანამშრომლობისათვის და განაცხადა, რომ პარლამენტი თავის მხრივ ამ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული.

GIZ-ის პროგრამა - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება და მისი კომპონენტებია: შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირება, საგადასახადო და საბაჟო სფეროები, სახელმწიფო შიდა საფინანსო კონტროლის სისტემები, გარე საფინანსო კონტროლი და საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობა.