მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა დაასახელა

მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა დაასახელა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა დაასახელა.

აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გამართულ აქციაზე გააკეთა, სადაც „ჩერკასიობლენერგოს“ თანამშრომლები მათთვის ხელფასის გადახდას ითხოვდნენ.

„ჩემი მიზანია ამ ხალხს დავეხმარო. როგორ დავეხმარო მათ?! მხოლოდ გუნდთან ერთად! მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობით, ახალი მთავრობით, ახალი ხალხით! სრულად უნდა გადავაყენოთ ძველი პოლიტიკური კლასი!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ყველაფერი ეს ცუდად დასრულდება პოროშენკოსთვის, ხოლო ხალხისთვის კი - კარგად“.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ მზად არ არის განაცხადოს, წარადგენს თუ არა თავის კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. „ჯერ მზად არ ვარ განვაცხადო, წარვადგენ თუ არა ჩემს კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ მე თანამდებობები არ მჭირდება. პეტრო პოროშენკომ პირადად შემომთავაზა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ მე უარი განვაცხადე“, - დასძინა მან.