კონსტიტუცია უნდა დაიწეროს ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე

კონსტიტუცია უნდა დაიწეროს ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე

როცა ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარეც უნდა დაიწეროს - იქიდან გამომდინარეც, რომ ჩვენ გვქონდა ქვეყნის შიგნით სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება, რომლეშიც მონაწილეობდნენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები და ეს ჩვენი ქვეყნის სამწუხარო ისტორიაა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ავლაბრის სასახლეში გამართული მრგვალი მაგიდის შეჯამებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 90-იანი წლების გამოცდილება უბრალოდ დასავიწყებელი კი არ არის, არამედ "ეს უნდა იქნას დაცული და ამასთან მიმართებაში კონსტიტუცია უნდა იყოს განსაკუთრებულად ფაქიზი".

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის ომიდან გამომდინარეც უნდა დაიწეროს კონსტიტუცია - "იმ შეცდომებიდან გამომდინარე, რომელიც მაშინ არსებობდა".

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ის რასაც ეძახიან ჰიბრიდულ ომს, ასეთი ოპერაციების შედეგად იქნა შელახული ჩვენი სუვერენიტეტი, ხოლო შემდეგ 2008 წელს, ჩვენ პირდაპირი სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი გავხდით და ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს ის რეალობაა, რომელიც დააყენა, მათ შორის ჩვენმა ძალიან მტკიცე არჩევანმა, ევროპული მიმართულების ორიენტირებულმა არჩევანმა.

გამომდინარე აქედან, ქვეყანამ თავისი თავდაცვისუნარიანობა უნდა ააგოს იმ გამოწვევების ადეკვატურად, რომელიც არის ამ ქვეყნის მიმართ. ასე უნდა აეგოს ჩვენი თავდაცვის სისტემა და ამის ადეკვატური უნდა იყოს ის კონსტიტუციური ჩანაწერებიც, რომელიც მისცემს სახელმწიფოს შესაძლებლობას, იყოს მაქსიმალურად ადეკვატური ძალიან რთული გამოწვევების წინაშე.

თავდაცვის სისტემა უნდა იყოს ერთის მხრივ, მობილიზებული, ხოლო მეორეს მხრივ, ადეკვატური გამოწვევებისა. შესაბამისად, ამ ქვეყნის თავდაცვა უნდა იყოს დაწერილი საქართველოში, საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ზოგად პრინციპებზე დაყრდნობით.

არიან თეორეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ კონსტიტუცია არის იმ შეცდომებისგან დაზღვევის დოკუმენტიც, რომელიც მანამდე ჩვენ ან ჩვენს წინაპრებს ჩაგვიდენია. კონსტიტუცია არის კრიზისში მოქმედების დოკუმენტიც და არა მხოლოდ უზენაესი კანონი", - განაცხადა პრეზიდენტმა ექსპერტებთან შეხვედრის დასასრულს.