აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
როგორც მან განმარტა, საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დარჩეს.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხი.
“აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია. ეს არის საქმე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და რომელზეც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის, რომ პასუხი გასცეს არსებულ კითხვებს”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
აზერბაიჯანელი მოქალაქის აფგან მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრებმა 30 მაისს განაცხადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული. აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მუხთარლის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდა. აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებენ მუხთარლის ოჯახის წევრები. მათი თქმით, აფგან მუხთარლი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.