„სამხრეთ ოსეთი“ მზად არის რუსეთსა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის ტვირთების ტრანზიტი უზრუნველყოს, ოღონდ როგორც სრულუფლებიანმა პარტნიორმა. აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სააგენტო „ტასს“ განუცხადა.
„საუბარია გზის გახსნაზე, რომელიც აკავშირებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს, თურქეთს და ა.შ. ყველაფერი ამ ქვეყნების მთავრობების სურვილზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ის უშვებს „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროექტში, არ ვიცი დათანხმდება თუ არა ამას ქართული მხარე, ნებისმიერ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც სრულფასოვანი პარტნიორი, როგორც სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე ეს სატრანზიტო გზა გადის და შესაბამისად, ურთიერთობები ამ სრულუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს“, - დასძინა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.