ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება, დემოკრატიულ პროცესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება, დემოკრატიულ პროცესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უმთავრეს საკითხზე, რომელიც შეეხება თანხმობის დოკუმენტს - კონსტიტუციას, მოხდა ისე, რომ ჩვენ გვაქვს ნულოვანი კონსენსუსი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილე არც ერთმა პარტიამ თუ არასამთავრობო სექტორმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციის პროექტს, გარდა მმართველი გუნდისა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი შორს იქნება ლეგიტიმაციისგან. აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო იმისთვის, რომ მოხერხდეს კონსენსუსი და ქვეყანამ მიიღოს კარგი კონსტიტუცია.

„პრაქტიკულად, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილე არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციის პროექტს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ დოკუმენტს, რომელიც შეეხება თითოეული ადამიანის ცხოვრების წესს და ქვეყნის ბედს, ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა. ცხადია, შეუძლებელია დემოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დოკუმენტს ჩვენ ვუწოდოთ კონსტიტუცია. ის ძალიან შორს იქნება ლეგიტიმაციისგან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს საერთო წერტილები თუ სად შეიძლება მოხერხდეს კონსენსუსი. ჯერ კიდევ არის ამის დრო. არ არის საჭირო პროცესის ფორსირება. ჯერ კიდევ არ არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და სრულიად გაუგებარია განცხადებები ივნისში ორი მოსმენით კონსტიტუტიციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა დეკლარირებულია განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვა უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნულოვანი კონსენსუსით ასეთი დოკუმენტის მიღება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრები გუშინაც გაიმართა.