საკონსტიტუციო ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს რეალური და არა იმიტაციური დემოკრატია, რაც კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია

საკონსტიტუციო ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს რეალური და არა იმიტაციური დემოკრატია, რაც კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის „ფუნდამენტურად და არა ნაჩქარევად“ განხილვა უნდა მოხდეს.

როგორც ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ შორის უფრო მეტ განხილვას საჭიროებს თავდაცვისა და უსაფრთხოების თავთან დაკავშირებული ცვლილებები.

“თავდაცვის და უსაფრთხოების თავის შესახებ წარმოდგენილი პროექტი არის მოკლე დროში, პრაქტიკოსი უსაფრთხოების სპეციალისტების ჩართულობის გარეშე მომზადებული, რაც ბევრ კითხვას აჩენს აღნიშნული თავის და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მოწყობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ცვლილებები ძალაში შედის 2018 წლის არჩევნების შემდეგ, იქამდე კი დრო საკმაოდ ბევრია, უმჯობესი იქნება ცვლილებების განხილვა მოხდეს ფუნდამენტურად და არა ნაჩქარევად - ივნისში, როგორც ეს გაცხადებულია. საჭიროა ის რეკომენდაციები, რომლებიც სავარაუდოდ იქნება ვენეციის კომისიის მხრიდანაც, კარგად დამუშავდეს და მოხდეს მათი გათვალისწინება”, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შეფასებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო კომისიების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ კონსტიტუცია იწერებოდა „ზემოდან ქვემოთ, კონსენსუსისა და ჩართულობის გარეშე“.

“ამის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ცვლილებები ყოველთვის იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნის განხორციელების ფორმა, საშუალება და არა ფუნდამენტური კონსენსუსის საფუძველზე გადასინჯვა, როგორც ზოგადად უნდა იყოს. სწორედ ეს იწვევდა იმას, რომ ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა იმიტაციური დემოკრატია - როდესაც ფუნდამენტური დოკუმენტი მოცემულია პოლიტიკური კონსენსუსის ლეგიტიმაციის გარეშე, ანუ მხოლოდ სამართლებრივი, ფორმალური სახით არის ლეგიტიმური, ბუნებრივია, ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ ქვეყანაში შემდგომი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდეს იმიტაციური დემოკრატია. ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს კარგი მთავრობა, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ყოველთვის კეთილი ნების გამომხატველი, კარგი მთავრობა გვეყოლება. საკონსტიტუციო ცვლილებები გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე, ამიტომ სწორედ ის რისკები უნდა გავთვალოთ, რაც მომავალში შეიძლება არსებობდეს და არ ვიმსჯელოთ მხოლოდ დღევანდელობიდან გამომდინარე,” - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

აღნიშნულ კონტექსტში ბოძაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს წარსულში ქვეყანას ახსოვს „ბოროტი ავტორიტარული ხელისუფლების მოქმედებების მაგალითი“, რამაც ყველას დაანახა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს მომავალში სწორედ ასეთი მისწრაფებების გაჩენის შემაკავებელი.

“თავდაცვის და უსაფრთხოების თავთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, იმის საშუალებას იძლევა, რომ სამხედრო ძალები, შეიარაღებული ძალები გამოყენებული იყოს ბოროტად, არალეგიტიმურად. მე აქ არ ვგულისხმობ სამართლებრივ ლეგიტიმაციას. ვგულისხმობ, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევას. ამის დაშვების ვალდებულება ყველა კონსტიტუციონალისტს აქვს, როცა ის წერს ცვლილებების პროექტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ განხილვების პროცესი უნდა გაგრძელდეს. მითუმეტეს, თავდაცვის და უსაფრთხოების თავზე უნდა მოხდეს დამატებითი მსჯელობა და ამ საკითხებზე უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, როგორც პრაქტიკოსი, ისე თეორეტიკოსი ექსპერტების ჩართულობით და მონაწილეობით. საუბარია იმაზე, რომ პროცესი სწრაფად არ დასრულდეს. მითუმეტეს, ამ თავთან მიმართებაში, ისევე როგორც სხვა თავებთან მიმართებაში, უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი განხილვები. ამის დრო არსებობს. სიჩქარის საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივიღოთ ქმედითი და ეფექტური უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემა იმ ფონზე, როდესაც არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენც და მთელი მსოფლიოც”, - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.