სამხრეთ ოსეთი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიდოს, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„არავინ უარყოფს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეას. სამხრეთ ოსეთის ხალხს ეს სურს და ადრე თუ გვიან, აქამდე მივალთ. ამას ვერ გავექცევით“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება“.
„ვიდრე კონსულტაციებს არ გავმართავთ და არ განვსაზღვრავთ ჩვენი მომავლის „საგზაო რუკას“, რა თქმა უნდა, რთული იქნება რაიმე ნაბიჯის გადადგმა“, - აღნიშნა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ანატოლი ბიბილოვი ინიციატივით გამოვიდა, რომ 2017 წლის ბოლომდე რეფერენდუმს ჩაატარებდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.