"ევროპული საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს.
როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ევროპული საქართველო" აყენებს საკითხს, რომ ვახტანგ გომელაური და გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წინაში გამოცხადდნენ და მწვავე შეკითხვებს პასუხები გასცენ.
"არსებობს ინფორმაცია, რომ საქმეში მონაწილეობდა კრიმინალური პოლიციის სამი თანამშრომელი. ასევე, დანაშაულში ჩართულნი იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.
ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. "ევროპული საქართველო" აყენებს საკითხს, გომელაური და მღებრიშვილი მოვიდნენ და გასცენ პასუხები იმ კითხვებს, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე. საპარლამენტო უმრავლესობას მოვუწოდებთ, გააცნობიერონ ამ ქმედების სიმძიმე და ნუ გახდებიან თავგასული ძალოვნების მძევლები", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა დეტალურად უნდა მიიღოს ინფორმაცია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე.