არსებული სახით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეასუსტებს სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, მოშლის ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის, რაც განსაკუთრებით სახიფათოა უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა.
უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრატეგიული დისკუსის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.
„დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვიხილავთ საკითხებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე და თავდაცვისუნარიანობაზე. ამგვარი სახით ცვლილებების შეტანა უდავოდ შეასუსტებს სისტემას, სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს და მთლიანობაში ნეგატიურად აისახება იმ გაცხადებულ პრიორიტეტებზე, რაც არის ნატო-ში გაწევრიანება და ამ გზაზე სიარული. არსებული სახით ცვლილებების განხორციელება შეასუსტებს სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, მოშლის ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის, რაც განსაკუთრებით სახიფათოა უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში, პრაქტიკულად უმოქმედოს გახდის უსაფრთხოების ეროვნულ სისტემას და გააჩენს შესაძლებლობას, მოხდეს კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, სამხედრო ან სხვა შეიარაღებული ძალები გამოყენებულ იქნას არამიზნობრივად“, - განაცხხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, დღის ბოლოს შეკრებილი საზოგადოება ერთობლივ კომუნიკეს მიიღებს. დღესვე გაიმართება პლენარული სესია, სადაც მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.