უილიამ ლაჰიუ:  კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რაც გამოსწორებას ითხოვს

უილიამ ლაჰიუ: კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რაც გამოსწორებას ითხოვს

ინსტიტუციური სტრუქტურების ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რაც აძლიერებს დემოკრატიის პრინციპებს, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და საქართველოს ნატო-ში სამომავლო წევრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

ლაჰიუმ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობებია, რაც გამოსწორებას ითხოვს.

„თქვენს კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რასაც ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით პარლამენტი აღიარებს. ეს შეუსაბამოებები არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებს, მართონ და მოემზადონ ეროვნული კრიზისებისთვის, მათ შორის ომისთვისაც.

ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, განვიხილოთ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ხარვეზის გამოსწორებას. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი არ უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, პროცესი, პროცედურები, ინსტიტუციური ეფექტურობა“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.