საქართველოს პარლამენტის საჩუქარი ბავშვებს

საქართველოს პარლამენტის საჩუქარი ბავშვებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა. სოფელ დიცის, დვანის და ნიქოზის ორმოცამდე ბავშვი დღეს ქუთაისს სტუმრობდა.

მაკდონალდსში სტუმრობის და პრომეთეს მღვიმის მონახულების შემდეგ, ბავშვები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ. მათი პირველის შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან შედგა.

„პირადად მე, ჩემს გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საოკუპაციო და გამყოფი ხაზები ჩვენს სამშობლოში აღარ არსებობდეს. თავს ვალდებულად ვთვლი თქვენს წინაშე, ვიზრუნო თქვენს ღირსეულ მომავალზე და უფლებაზე იცხოვროთ ღირსეულ სახელმწიფოში. ჩემი დიდი სურვილია, რომ მალე დადგეს დრო, როცა საჩუქრის გასაკეთებლად ბავშვებს იმ ნიშნით აღარ შევარჩევთ საქართველოში, რა ნიშნითაც თქვენ დღეს ჩვენთან იმყოფებით" - განაცხადა სოფო კილაძემ ბავშვებთან შეხვედრისას.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს გაეროს ბავშვთა ფონდის სახელით ადაპტირებული ბავშვის უფლებათა კონვენციები გადაეცათ.

საერთო საპარლამენტო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ, ბავშვთა ნახატების გამოფენა დაათვალიერეს, ანიმატორების მიერ მოწყობილ შოუში მონაწილეობა მიიღეს. დღის დასასრულს, პარლამენტმა სტუმრებს საჩუქრად ტკბილეული გადასცა.

კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტთან ერთად იყვნენ გაეროს ბავშთა ფონდი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული კონგრესი".