ლადო ჭანტურია:  სამივე კანდიდატს აქვს არჩევის თანაბარი შანსი

ლადო ჭანტურია: სამივე კანდიდატს აქვს არჩევის თანაბარი შანსი

სამივე კანდიდატს აქვს არჩევის თანაბარი შანსი - დანარჩენს ის პროცედურა გადაწყვეტს, რომელიც სტასბურგში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროპის სასამართლოს მოსამარლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლადო ჭანტურიამ განუცხადა.

“პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს მთავრობას გამოხატული ნდობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო იმ კომისიას, რომელმაც ჩემი კანდიდატურა წარუდგინა მთავრობას. დანარჩენი ვნახოთ. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პროგნოზებთან დაკავშირებით მე ყოველთვის თავშეკავებული ვარ. ამჯერადაც ასე ვიქცევი. იქ კონკურსია, შერჩევაა, გასაუბრებაა, კენჭისყრაა - ასე რომ, სამივე კანდიდატმა მთელი პროცედურა უნდა გავიაროთ”, - აღნიშნა ლადო ჭანტურიამ.

მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი - ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე - წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ სამეულის შერჩევის შემდეგ, მათი ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით განმეორებითი კონკურსი მას შემდეგ ჩატარდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია, ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის შემადგენლობით, არ დაამტკიცა.