ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების ღამეს სახლში 8 ადამიანი შემოვარდა, ერთი კი ყველაფერს კამერით იღებდა

ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების ღამეს სახლში 8 ადამიანი შემოვარდა, ერთი კი ყველაფერს კამერით იღებდა

ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების ღამეს სახლში 8 ადამიანი შემოვარდა, ერთი კი ყველაფერს კამერით იღებდა, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

გედენიძემ პროცესზე დეტალურად გაიხსენა თუ როგორ მოხდა მისი და ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის დაკავება და როგორ დააბრუნეს სახლში.

”კარზე გაისმა ხმაურიანი კაკუნი, სანამ კარს გავაღებდი, ვკითხე ვინ იყვნენ. მითხრეს, რომ ჩემს სართულზე მოხდა ძარცვა და ისინი პოლიციიდან მოვიდნენ. კარის გაღების შემდეგ 8 ადამიანი შემოვარდა, მათ შორის ერთი ქალი პოლიციელი, ერთი ადამიანი კი ვიდეოკამერით იღებდა. ირაკლის დაადეს ხელბორკილი, მკითხეს მქონდა თუ არა ფული, ან ძვირფასი ნივთები. სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ამოიღეს ჩვენი პირადი კომპიუტერები. ირაკლი ჩაიყვანეს ავტოფარეხში, დალუქეს ავტოფარეხი, შემდეგ ჩვენი საცხოვრებელი სახლი დალუქეს და წაგვიყვანეს. სულ ცოტა 2-3 საათი გვატარეს ქალაქში, დროგამოშვებით რეკავდნენ ტელეფონზე და ჩვენს შესახებ მითითებას ელოდებოდნენ. საბოლოოდ, მიმიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც ექიმმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა. დავით დევნოზაშვილი, რომელიც მოგვიანებით ამოვიცანი, შემოვიდა ჩემთან და დაიწყო საუბარი თუ რა მოუვიდოდათ ჩემს შვილებს ჩემს გარეშე. შემდეგ მაჩვენა ჩემი პრივატული ფოტო, რომელიც ჩემმა მეუღლემ გადამიღო და ინახებოდა ჩემს პირად კომპიუტერში. ძალიან შემრცხვა ამის დანახვა, ვიფიქრე კიდევ რამდენ ადამიანს შეიძლებოდა ენახა ეს ფოტო. ამას ისიც დაემატა, რომ დევნოზაშვილმა მითხრა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფოტოს მედიაში გავრცელებას და რომ ამას ნახავდნენ ჩემი შვილებიც. დამემართა ისტერიკა, ცუდად გავხდი, ვეღარ გავაგრძელე საუბარი. ეს იყო უდიდესი სირცხვილი ჩემთვის. ცუდად ვიყავი, ექიმი მომიყვანეს და საკანში დამაბრუნეს. გავიდა რამდენიმე საათი და კიდევ გამიყვანეს საკნიდან”, - განაცხადა გედენიძემ.

რაც შეეხება ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა, როგორც ფოტოგრაფი აცხადებს, მას მისცეს ტექსტი, რომელიც კამერის წინ უნდა წაეკითხა. ”ტექსტი მომცეს, რომელიც უნდა მესწავლა და ამის მიხედვით მიმეცა ჩვენება. თავდაპირველად ტექსტში ეწერა, რომ ბოლო პერიოდია ირაკლი ფორიაქობდა და ფორიაქის მიზეზად ქურციკიძეს ასახელებდა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი - არ ფორიაქობს და ამას ვერ ვიტყვი მეთქი. საბოლოოდ, დათანხმდნენ, რომ ამას არ ვიტყოდი. დამაზეპირებინეს ტექსტი, რომელიც შემდეგ საზოგადოებამ ნახა. გამიყვანეს ჩასაწერად, მაგრამ ბევრი დუბლი დამჭირდა, ნერვული ფონი მქონდა და ვერ ვსაუბრობდი. ტექსტი იყო შემდეგი, რომ ჩემი მეუღლე იღებს ფოტოებს და ავრცელებს საერთაშორისო მედიაში, პროფესიული კავშირი აქვს ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძესთან, ფოტოებს უგზავნის და იღებს შესაბამის ჰონორარს. სწორედ ამის მოსმენა სურდათ მათ, რომ ჩემს მეუღლეს აქტიური კონტაქტი ჰქონდა ზურაბ ქურციკიძესთან. ამ ჩვენების ვიდეო ჩავწერე და ღამით დამაბრუნეს სახლში”, - აღნიშნა ნათია გედენიძემ.