იმედი მაქვს, ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი იქნება აბსოლუტურად ობიექტური და თითოეული კანდიდატის შესაძლებლობას სამართლიანად შეაფასებს

იმედი მაქვს, ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი იქნება აბსოლუტურად ობიექტური და თითოეული კანდიდატის შესაძლებლობას სამართლიანად შეაფასებს

ჩემთან ერთად წარმატებას ყველა კანდიდატს ვუსურვებ - ყველას გვაქვს თანაბარი შესაძლებლობა, ევროპის საბჭოში ჩვენი შესაძლებლობები და ცოდნა წარმოვაჩინოთ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროპის სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

”ჩემთვის ახლახანს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობამ სამ კანდიდატს შორის ჩემი კანდიდატურაც დაამტკიცა. ბუნებრივია, წარმატების მოლოდინი თავიდანვე მქონდა. ეს მოლოდინი, რომ არ მქონოდა, ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადს არ შევიტანდი. ამ მოლოდინს ის გამოცდილება და კვალიფიკაცია მიჩენდა, რაც ევროპის სასამართლოს მიმართულებით მუშაობის თვალსაზრისით გამაჩნდა. რაც შეეხება სამომავლო შანსებს, აქამდე მოსვლა უკვე დიდი წარმატება და პატივია, თუმცა იმედი მაქვს, ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი იქნება აბსოლუტურად ობიექტური, თითოეული კანდიდატის შესაძლებლობას სამართლიანად შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ დაისმევა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” სოფო ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, ევროპის სასამართლო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ობიექტურად იმუშავა.

”საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ არანაირი განცდა იმისა, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიყავი, არ მქონდა. გასაუბრების დროსაც კითხვები რაც დაისვა, იყო კრიტიკული. ვერ ვიტყვი, რომ კომისიის რომელიმე წევრისგან კეთილგანწყობას ვგრძნობდი, ან პირიქით - განწყობას იმისას, რომ ჩავჭრილიყავი. პირადად ჩემთვის ეს პროცესი იყო ობიექტური. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ კომისიის შემადგენლობა იყო მრავალფეროვანი და მოცულობითი”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან: ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი - ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე - წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ სამეულის შერჩევის შემდეგ, მათი ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ირჩევს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით განმეორებითი კონკურსი მას შემდეგ ჩატარდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია, ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის შემადგენლობით, არ დაამტკიცა.