საქართველოს პარლამენტსა და „სოლიდარობის ფონდს

საქართველოს პარლამენტსა და „სოლიდარობის ფონდს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 1 ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ და „სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ თბილისში, პარლამენტის სასახლეში, ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩაერთვებიან სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისა და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარების საქმეში.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში შეკრებილ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლიდარობის ფონდის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და იდეის თანაავტორმა მარიამ ჯაშმა, პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ და „სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ.

„სწორედ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტი - ქუთაისიდან და თბილისიდან ბავშვთა მხარდამჭერი ღონისძიებებით უერთდება სოლიდარობის ფონდის საქმიანობას. სიმბოლურია, რომ სამი წლის წინ, სწორედ 1 ივნისს გააჟღერა სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეა პრემიერ-მინისტრმა და უკვე მესამე წელია არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა, რომელთაც შეეხოთ სიმსივნე, საქართველოში უსახსრობის გამო არ დაგვღუპია", - განაცხადა მარიან ჯაშმა.

მან მადლობა გადაუხადა საჯარო სექტორში მომუშავე 60 ათასამდე თანამშრომელს, მრავალ ათეულ კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან სოლიდარობის ფონდს და აღნიშნა, რომ ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება. მარიამ ჯაშის განცხადებით, სასიხარულოა, რომ პარლამენტის აპარატი, პარლამენტის წევრები ნებაყოფლობით უერთდებიან ამ წამოწყებას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ფონდის საქმიანობა და პედიატრიული ონკოლოგიის პრობლემები სრულად გადაიჭრას საქართველოში.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ შეკრებილთ მიულოცა წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძნების დღე და მიმართა: „დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ემსახურება შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერას. ეს კეთილშობილური ინიციატივაა და დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე აპარატის თანამშრომლები, თავიანთ წვლილს შეიტანენ იმ კეთილშობლურ საქმეში, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გადარჩენას უკავშირდება".

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, თითოეული აქ მომუშავე ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საკითხი ქვეყნის მომავალს, ჩვენი შვილების, მომავალი თაობის - ბავშვების ჯანმრთელობას უკავშირდება.

„სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის.

„სიმბოლურია, რომ სწორედ ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და პარლამენტის წევრები ყოველთვიურად ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ საქართველოს სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების მხარდასაჭერად. ეს უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვინაიდან დღესვე, მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისის სასახლეში მასპინძლობს სოლიდარობის ფონდის რამდენიმე ბენეფიციარს და გამოხატავს ფონდისადმი მხარდაჭერას",- განაცხადა სოფიო კაკალიაშვილმა-ძაგნიძემ. შეხვედრის დასასრულს, მან სოლიდარობის ფონდის საქმიანობის ანგარიშის შესახებ მოკლე პრეზენტაცია გამართა.

ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფონდის დაფუძნებიდან, 2014 წლის 9 ივნისიდან, საქართველოში, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. როგორც ფონდის ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამ შედეგის შენარჩუნებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის, საჯარო და კერძო სექტორის თანადგომა და მხარდაჭერა.

700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 კერძო კომპანიის, ათიათასობით მოქალაქის ჩართულობით, სოლიდარობის ფონდში დღემდე მობილიზებულია 10 მილიონ ლარზე მეტი თანხა. დღეის მდგომარეობით, 390 ბენეფიციარი ფინანსდება. იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფონდს დახმარებისთვის მიმართვენ, თითოეულის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა სოფიო კაკალიაშვილმა- ძაგნიძემ.