სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან ლადო ჭანტურიას, სოფო ჯაფარიძის და შოთა გეწაძის კანდიდატურები წარედგინება

სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან ლადო ჭანტურიას, სოფო ჯაფარიძის და შოთა გეწაძის კანდიდატურები წარედგინება

მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი 3 მოსამართლის კანდიდატურა შეარჩია. ესენი არიან: ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი - ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე - წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ სამეულის შერჩევის შემდეგ, მათი ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით განმეორებითი კონკურსი მას შემდეგ ჩატარდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია, ალექსანდრე ბარამიძის, ევა გოცირიძისა და გიორგი ბადაშვილის შემადგენლობით, არ დაამტკიცა.