იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებითაა განპირობებული, რომლის თანახმად, გაუქმდა ის ნორმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებამდე გამოსაცდელი ვადის დაწესებას არეგულირებდა.
როგორც ეკა ბესელიამ განმარტა,საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საჭიროა, კანონმდებელმა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დაადგინოს მოსამართლის გამოსაცდელი ვადით თანამდებობაზე დანიშვნა და ამგვარ წესს არ უნდა ჰქონდეს ბლანკეტური ხასიათი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დატოვა სამართლებრივი სივრცე, რომლის თანხმად, მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმების დადგენაა შესაძლებელი.
„ასეთი შემთხვევაა, როდესაც ხანგრძლივი ვადა გავიდა მისი მოსამართლის საქმიანობის განხორციელებიდან და ამიტომ, რთულია შეფასება, შეძლებს თუ არა ის მოსამართლეობას უვადოდ გამწესების შემთხვევაში,. მეორე შემთხვევა-თუ არის ისეთი ობიექტური მდგომარეობა,რომ ვერ ვაფასებთ მოსამართლის წარსულ საქმიანობას და პარლამენტმა უნდა დაადგინოს ასეთი გარემოებები; მესამე - ზემოხსენებული პირების საქმიანობის შეფასება, შესაძლოა, ობიექტურად ვერ განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც უზრუნველყოფდა პირის შესაბამისობის დადგენას მოსამართლის თანამდებობისთვის აუცილებელ სტანდარტებთან",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, კომიტეტმა კანონპროექტზე სასამართლოსთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, პროლოგთან და GIZ-თან ერთად იმუშავა.
„ჩვენი ვერსია გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა გამწესდნენ, თუ აქვთ სამწლიანი სამოსამართლეო საქმიანობის გამოცდილება და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით, ფარული კენჭისყრით, მიიჩნევს, რომ ის აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის კრიტერიუმებს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე.
2017 წლის 1 ივლისამდე, 3 წლიანი ვადით გამწესებულ მოსამართლეს, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უწყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და კანონით გათვალისწინებული ასაკის მიღწევამდე, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაუბრების წარმატებით გავლისა და ამ კანონის 361-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებისა, 362-ე, 363 და 364 მუხლებით გათვალისწინებულ საქმეთა შესწავლის და ქულათა შეფასების სისტემის საფუძველზე. უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული მოსამართლე უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს 3 წლიანი სამოსამართლეო უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.
„ერთი პრინციპი ჩავწერეთ, რომ ვაძლევთ არჩევანის უფლებას. ვწერთ, რომ მისი არჩევანია, თუ იღებს გადაწყვეტილებას, რომ აღარ უნდა პრობაციის გაგრძელება, ის გადის კონკურსზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას იმავე კრიტერიუმით აფასებს, რაც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისთვის არსებობს. ყველა ფასდება ერთი და იგივე კრიტერიუმით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დანიშნოსთუ არა უვადოდ. უვადოდ არ დანიშვნის შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა, ამოწუროს უფლებამოსილების ვადა და შემდეგ წავიდეს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პროფესიული გამოცდილებისა და ინსპექტორის გამოცდილების 10 წლიანი ვადის 5 წლიან ვადამდე შემცირებაა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მხარი ერთხმად დაუჭირა.
დღესვე, დეპუტატებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" განიხილეს. საკანონმდებლო წინადადება დაზარალებულის უფლებების გაზრდას და საკუთარი ინტერესების დასაცავად, დამატებითი გარანტიების მინიჭებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, დაზარალებულს ენიჭება უფლება, სასამართლოში გასააჩივროს ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ყველა სახის დანაშაულთან მიმართებაში.
საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მომდევნო სხდომაზე გააგრძელებს.