საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვიირკაშვილის შეფასებით, საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩემპიონატი 31 მაისიდან დაიწყო და ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა.
„საქართველოს ნაკრებს მინდა ვუსურვო წარმატება და მინდა გავამხნევო. საქართველოში რაგბი ნამდვილად არის ნაციონალური თამაში და ის ეროვნული ღირსების სიმბოლო გახდა. მე მინდა ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატი. საქართველო მონაწილეობს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, სამოა და იტალია. ეს არის შედეგი ძალიან ბევრი მუშაობის. საქართველოში რაგბის ინფრაქსტრუქტურის შესაქმნელად უპრეცედენტო სამუშაოები ჩატარდა. 11 სარაგბო ბაზა და 21 სტადიონი აშენდა. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც წლების განმავლობაში აფინანსებს სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას. კიდევ 4 სარაგბო ბაზა მშენებლობის პროცესშია“,- განაცხადა პრემიერმა.