საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევა სავალდებულო გახდება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. „ბოლო პერიოდში მომხდარმა რამდენიმე ხანძარმა საკმაო ზარალი მიაყენა სავაჭრო ცენტრებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს და ცენტრების მფლობელებს. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მხრივ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი აუცილებელი წესით იქნას დაზღვეული. ჩვენ სამწუხაროდ, წარსულში უარი ვთქვით არაერთ სავალდებულო დაზღვევის სახეობაზე. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ამას პოლიტიკური ხასიათიც ჰქონდა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ცივილიზებული ფორმით განვითარება.
„მხედველობაში მაქვს მესამე პირის მიმართ ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების ზიანის ანაზღაურება. ამ მიმართლებით გაგრძელდება მუშაობა. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქების და მცირე ბიზნესის უფლებები იყოს დაცული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სავაჭრო ცენტრების და მსხვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მფლობელებსაც ექნებათ გაცილებთ ნაკლები ტვირთი და გამოირიცხება ისეთი მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა წარსულში“,- განაცხადა პრემიერმა.