მეუფე იოანე:  სახელმწიფოს ღირსების საკითხია დაიცვას პატრიარქი

მეუფე იოანე: სახელმწიფოს ღირსების საკითხია დაიცვას პატრიარქი

ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატრიარქის დაცვის უფროსი. ვისაც ნდობას უცხადებს სახელმწიფო, ის იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განუცხადა.

მეუფე იოანეს თქმით, სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ დაიცვას ისეთი პიროვნება, როგორიც არის პატრიარქი.

”თქვენ უფრო მეტი იცით ჩემზე. პირველად მესმის, რომ შერჩევა შიდა წრეებიდან უნდა მოხდეს. რომელი შიდა წრეებიდან? - არ ვიცი. ეს არის სახელმწიფო დაცვის სამსახური და იქიდან ვისაც დანიშნავენ, ის იქნება. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ვისაც ნდობას უცხადებს სახელმწიფო, ის იქნება. სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ დაიცვას ისეთი პიროვნება, როგორიც არის პატრიარქი”, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

კითხვაზე, უჩნდება თუ არა თავად მეუფეს კითხვები იმის გამო, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა პატრიარქის დაცვის უფროსი, მეუფემ განაცხადა: ”ეს დაცვის ხელმძღვანელს უნდა ჰკითხოთ, რატომ ცვლიან. მე არ ვიცი”.

მიტროპოლიტ იოანესთვის უცნობია, ახლა ვის აბარია პატრიარქის უსაფრთხოება.