55 წლის ალი ლარიჯანი ირანის პარლამენტის სპიკერად ხელახლა იქნა არჩეული.
ირანის რესპუბლიკის პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მაისის ბოლოს ლარიჯანი ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების საბოლოოდ ცნობამდე სპიკერის მოვალეობას დროებით ასრულებდა. 5 ივნისიდან კი ის მეჯლისის სრულუფლებიანი სპიკერია.
არჩევნებზე ლარიჯანს 275 დეპუტატიდან 173-მა დაუჭირა მხარი. მის კონკურენტს, გოლიამალი ხადად ადელიას კი 100 ხმა ერგო წილად.
პარლამენტის არჩევნები ირანში 4 მაისს მეორე ტურით დასრულდა. მეჯლისის არჩევნები პრეზიდენტ ახმადინეჯადისთვის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი სერიოზული გამოცდა იყო. მაშინ ახმადინეჯადმა 60%-ზე მეტი ხმა მიიღო, დაამარცხა რა თავისი უშუალო კონკურენტი, ოპოზიციის ლიდერი მირხოსეინ მუსავი (30%). ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში დასდო ბრალი. იმ დროს თეირანში საპროტესტო აქციებს 30 დემონსტრანტი ემსხვერპლა მოყვა, ათასობით პროტესტანტი კი დაპატიმრებულ იქნა.
პრეზიდენტს ურთიერთობა დაეძაბა ირანის სულიერ ლიდერთან აიათოლა ალი ჰამენეისთან. მაისში ჩატარებულ არჩევნებზე კონსერვატორები და აიათოლა ჰამენეის მომხრეები გაერთიანდნენ და შედეგად პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს. პრეზიდენტის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.
სწორედ ზოგადად ამ ჯგუფისა და კონკრეტულად კი ჰამენეის მომხრედ ითვლება ხელახლა გასპიკერებული ალი ლარიჯანი. მისი მეთაურობით პარლამენტმა პრეზიდენტის მიმართ არაერთი დემარში განახორციელა, თუმცა პოპულარული ახმადინეჯადის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირება მაინც ვერ გარისკა.
ირანში, ფაქტობრივად ძალაუფლების სამი ცენტრია - უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და მისი გარემოცვა, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, და ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურები. ალი ლარიჯანის ხელახლა არჩევით აიათოლა ჰამენეი თავის მზარდ გავლენებს ისევ ინარჩუნებს და აღრმავებს.
ალი არდაშირ ლარიჯანი 1958 წლის 3 ივნისს ელ-ნაჯაფში (ერაყი) დაიბადა. მისი ოჯახი ირანში 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.
ლარიჯანი ფილოსოფიის დოქტორია დასავლური ფილოსოფიის სპეციალობით. თავის დროზე მან შარიფის უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. თავდაპირველად მომავალ სპიკერს კომპიუტერულ მეცნიერების განხრით სურდა კარიერის გაგრძელება, თუმცა შემდეგ მან თავისი ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა.
თავიდან იგი ირანის მაუწყებლობაში (IRIB) საერთაშორისო საკითხებში გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს, ხოლო 1981-1989 წლებში მირ ხოსეინ მუსავის მთავრობაში მას შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაფსანჯანის გაპრეზიდენტების შემდეგ ლარიჯანი ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე ხდება.
1992 წელს ლარიჯანი კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს, 1994 წლის 21 ივლისიდან ზუსტად 10 წლის განმავლობაში იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლის (IRIB) ხელმძღვანელია.
2005-2007 წლებში მას ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა. ამ პოსტზე ყოფნისას ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
2008 წელს ლარიჯანმა ირანის მეჯლისის სპიკერის თანამდებობა დაიკავა.
ალი ლარიჯანს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.