იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები, როგორც თანამედროვეობის გამოწვევა."
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, თანამედროვე ეპოქა წარმოუდგენელია ახალი ელექტრონული მოწყობილობებისა და ინტერნეტის გარეშე. „ადამიანის პირადი სივრცე უფრო და უფრო იზღუდება და პირადი ინფორმაციის განკარგვის ბერკეტები მნიშვნელოვნად მცირდება. შესაბამისად, ინფორმაციული ომის პირობებში, იზრდება პირთა შესახებ ინფორმაციის მარტივად მოპოვებისა და მისი არამართლზომიერად გამოყენების რისკები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფოს გამოწვევაა. „სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მისასალმებელ სიტყვაში იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებთანდაკავშირებული გამოწვევების შესაბამისად მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომლის მიღებასაც მომავალში გეგმავს. მან, ასევე, ისაუბრა ახალ ცვლილებებზე კომპიუტერული ინფორმაციის მოპოვებასთან, მოხსნასა და ფიქსაციასთან დაკავშირებით, რომელზეც მისივე ინფორმაციით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი მუშაობს. ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა 2015-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ახალ პრევენციულ ღონისძიებებს ეხება. „როდესაც ჩვენ ვმუშაობდით ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების კუთხით პირად სივრცეში ჩაურევლობას და, მეორე მხრივ, უსაფრთხოების კუთხით ბალანსის პოვნას ვცდილობდით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საინტერესო მოდელი და ცოტა განსხვავებული მოდელი, მათ შორის, იმ ქვეყნებისგან, რომლის პრაქტიკასაც ცვლილებებზე მუშაობის პერიოდში ინტენსიურად ვსწავლობდით", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი ინფორმაციით, კომიტეტმა შეისწავლა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ესტონეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ბელგიის სისტემა. „ამ ქვეყნებმა ძალიან საინტერესო გზა გაიარეს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. მათ სწორედ ამ ახალი გამოწვევების ფონზე შეცვალეს კანონმდებლობა", -აღნისნა ეკა ბესელიამ.
მისი განმარტებით, ტერორიზმის საფრთხე იმდენად მზარდია, რომ თანამედროვე სამყაროსთვის ეს გამოწვევა ითვლება ნომერ პირველ პრობლემად. „ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხეობის სისტემა და იპოვოს ოპტიმალური ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის იმისთვის, რომ მოქლქეები დაცულად გრძნობდნენ თავს", -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით,კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქვეყანას ჰყავს უპრეცენდენტო მანდატის მქონე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, რომელიც რეალურ დროში აკვირდება ფარულ საგამოძიებო ელექტრონულ კომუნიკაციას. „მას აქვს რეალურ დროში მოქმედების უფლება, მათ შორის, შეჩერების უფლება, როცა თვლის, რომ არ მიმდინარეობს სწორად ჩარევა ელექტრონული კომუნიკაციის დროს ან კანონის დარღვევა ხდება. მას აქვს შეუზღუდავი მანდატი კონტროლის თვალსაზრისით და ეს მანდატი ვრცელდება ყველა ტიპის ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე ინფორმაციით, პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც 2020 წელს ამოქმედდება> „ ეს არის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის", - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კონფერენციაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს როგორც უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის ბალანსზე, ასევე, შეუზღუდავ შესაძლებლობებსა და მაღალ რისკებზე.
გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ, პროფესორმა პეტერ იურგენ გრაფმა ტელეკომუნიკაციების ოპერატიული ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების როგორც შესაძლებლობებზე, ასევე საზღვრებზე გაამახვილა ყურადღება გლობალური ტერორისტული საფრთხეების და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.