საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს ბატონი ფარცხალაძის „მსხვერპლობის“ დამატებითი არგუმენტები

საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს ბატონი ფარცხალაძის „მსხვერპლობის“ დამატებითი არგუმენტები

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს, „ფორმალურებსაც და არაფორმალურებსაც, უფასო იურიდიული კონსულტაციას“ სთავაზობს.

როგორც დავით უსუფაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გასაგები და ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ადვოკატები ცდილობენ კლიენტის (მეგობრის, საქმიანი პარტნიორის) ინტერესების მაქსიმალურად დაცვას.

”თუმცა, შექმნილ ვითარებაში, საამისოდ მთელი სახელმწიფო-ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაც კი, ვფიქრობ, არასაკმარისი იქნება. საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს ბატონი ფარცხალაძის „მსხვერპლობის“ დამატებითი არგუმენტები. ყველაზე ძლიერი ამგვარი არგუმენტი კი ბოლო ხანებში აღმოჩენილი და დამკვიდრებული „სისტემის მსხვერპლის დოქტრინაა“, რომელიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაში „მურუსიძის“ სახელითაა ცნობილი. მართლაც, რა უნდა ქნას ერთმა ჩვეულებივმა მოკვდავმა, როდესაც მას „სისტემა“ ავალებს, აიძულებს, აცდუნებს, ამდიდრებს, აყოყოჩებს? ამიტომ, ბატონი ფარცხალაძეც დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს „სისტემის მსხვერპლად“ და უნდა შეწყდეს მის მიმართ უხერხული კითხვების დასმაც კი.

მეტიც, საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა იგრძნოს მის მიმართ სინდისის ქეჯნა და უნდა შესთავაზოს კომპლექსური საკომპენსაციო პაკეტი მისი თანამდებობრივი, ქონებრივი და მორალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ეს იქნებოდა თანამიმდევრულობაც, სამართლიანობაც და ორმაგ სტანდარტებზე უარის თქმაც - სისტემა სისტემაა, ძველია თუ ახალია და მსხვერპლიც მსხვერპლია, მურუსიძეა, ფარცხალაძეა თუ თორდია”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.