საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი  ეწვევა

საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა ეწვევიან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ICAO-ს პირველ პირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება. მხარეები საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხებს და  ქვეყნის მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს მიმოიხილავენ.

საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს. ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.