ლაშა თორდია ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებს და თვითმხილველებს თავადაც მოუწოდებს, დაპირისპირების ფაქტზე ღიად ისაუბრონ

ლაშა თორდია ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებს და თვითმხილველებს თავადაც მოუწოდებს, დაპირისპირების ფაქტზე ღიად ისაუბრონ

მოწმეებზე არანაირ მუქარას და დაცინვას არ ვახორციელებ, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ლაშა თორდიას თქმით, საქმე გვაქვს ადვოკატების მხრიდან მორიგ სამარცხვინო განცხადებებთან.

ამასთან, თორდიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავარია, საქმეზე დროულად მოხდეს კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან დღეს ძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

„ჩვენ მორიგი სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. მთავარია, რომ სისხლის სამართლის საქმე არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რათა არ მოხდეს ვიდეოჩანაწერების ამოღება. მე მართლაც მინდა მოვუწოდო ყველა მოწმეს, რომ მათ ღიად ისაუბრონ იმაზე, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში. მე არანაირ მუქარას და დაცინვას არ ვახორციელებ. მე არავინ მომიხსენიებია ცინიკურად, გარდა ადვოკატებისა“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, დასკვნას, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუშაობდა და რომელიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებს შეეხება, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

„დასკვნა მომავალ კვირას გამოქვეყნდება. დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული, როცა აღნიშნული ფაქტი მოხდა. რომც არ იყოს კორუფციული თემები დასკვნაში, თუმცა მასში ეს თემები არის, არავის აქვს უფლება თავს დაესხას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს“, - აღნიშნა თორდიამ.