გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ალტერნატიურ ვარიანტად მმართველი პარტია ზედა ზღვარის დაწესებას განიხილავს

გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ალტერნატიურ ვარიანტად მმართველი პარტია ზედა ზღვარის დაწესებას განიხილავს

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ალტერნატივად მმართველი პარტია ”ზედა ჭერის” შემოღებას განიხილავს.

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ყველა გადაუნაწილებელი მანდატის პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნებას ითვალისწინებს, რაც პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია.

ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში პარტიები წერენ, რომ პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ხელისუფლება კომისიის უარყოფით დასკვნას ელის. ამ შემთხვევისთვის, ხელისუფლებას მომზადებული აქვს ”გეგმა ბ“ - ე.წ. ”კომპრომისული ვარიანტი“, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ზედა ზღვარის დაწესებას ”შესავსები“ მანდატების კუთხით.

”წინასწარ, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ”ბონუსების“ სისტემის ნებისმიერი ამგვარი თვალთმაქცური მოდიფიკაცია მიუღებელი იქნება და მიზნად ისახავს შემოთავაზებული უსამართლო საარჩევნო სისტემის კოსმეტიკურ შელამაზებას, რაც არ გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია კონსტიტუციის ახალ პროექტთან და, კონკრეტულად პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში, რომელსაც ”დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში შემავალი პარტიები აწერს ხელს.