ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი თვითმხილველებს მოუწოდებს,

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი თვითმხილველებს მოუწოდებს, "არ შეეშინდეთ ლაშა თორდიას მუქარის და სიმართლე თქვან"

ჩვენ ღიად და საჯაროდ მოვუწოდებთ მომხდარი შემთხვევის ნებისმიერ თვითმხილველ პირს, არ შეგეშინდეთ საქართველოს მთავარი აუდიტორის მუქარის, ნუ მოგერიდებათ, თქვათ სიმართლე, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ლაშა თორდია „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებს, გარდა ამისა, მთავარი აუდიტორი ემუქრება ადვოკატებსა და თავად ოთარ ფარცხალაძესაც.

„ჩვენი ასეთი სახის ღია მოწოდება ნებისმიერი თვითმხილველი პირის მიმართ განპირობებულია იმით, რომ ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე. მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ მოქალაქეებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს უკვე არაერთი ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა და ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე. შევახსენებთ თორდიას, რომ როგორც პროვოკაცია, ცრუ დასმენა, მუქარა და ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია კანონმდებლობით და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მისგან განსხვავებით, დროულად შევატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

როგორც მერაბ ჩიქოვანმა აღნიშნა, არასამთავრობო სექტორი, გარკვეული პოლიტიკური ფიგურები თორდიას ვერსიას ახმოვანებს, როგორც დადასტურებულ ფაქტს და ოთარ ფარცხალაძეს მოიხსენიებენ როგორც დანაშაულის ჩამდენს, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღევაა. ადვოკატი საზოგადოებას მოუწოდებს, „განცხადების გაკეთებამდე გადახედონ კანონს“.