მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდების ინიციატივით დღეს საქართველოს 12 ქალაქში ეროვნული სამოსის დღე გაიმართა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქუთაისში გამართულ ღონისძიებას სიმბოლურად, ქართული ტრადიციული სამოსით შუერთდა. ღონისძიებაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები თეთრ ხიდზე შეასრულეს.
მარიამ ჯაშის თქმით, საქართველოში უკვე მეოთხე წელია აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე, რომლის მიზანია მუზეუმებისა და ტრადიციების გაცოცხლება. „ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს 12 ქალაქის მასშტაბით და, ასევე, ჩვენი დიასპორის მიერ ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე ინფორმაციით, კომიტეტში შემოსული იყო საკანონმდებლო წინადადება ეროვნული სამოსის დღის ეროვნული დღესასწაულის გამოცხადების თაობაზე. „არა უქმე დღედ გამოცხადების, არამედ ეროვნული დღესასწაულის გამოცხადების თაობაზე", - დააკონკრეტა მარიამ ჯაშმა.
მისი განცხადებით, კომიტეტმა იმსჯელა და კომიტეტის წევრთა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ იმდენად კარგად ხდება საზოგადოებრივი მოძრაობის ორგანიზება ამ დღეს, რომ ფორმალური სახის მინიჭება ამ ეტაპზე აღნიშნულ ინიციატივას დამატებით შესაძლებლობებს არ შესძენს და შეიძლება, გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენაც კი იქონიოს.
„ჩვენ გავაგრძლებთ ეროვნული სამოსის დღის ინიციატორთა მხარდაჭერას. შეიძლება ვიმსჯელოთ მომავალი წლისთვის როგორ უფრო იქნება მიზანშეწონილი ოფიციალურად ამ დღის აღნიშვნა, კულტურის სამინისტროს ბრძანებით თუ პარლამენტის დადგენილებით. მთავარი არის ის, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი უკვე არის გაერთიანებული ამ მოძრაობაში და მთავარი არის ისიც, რომ ეს ახალგაზრდა თაობის წამოწყებაა. ეს განსაკუთრებით არის მისასალმებელი ჩვენი ტრადიციების გაცოცხლების თვალსაზრისით", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, ეროვნული სამოსის დღე არ ეხება მხოლოდ ქართულ ტრადიციულ სამოსს. „ამ დღის ინიციატორი ახალგაზრდები მოუწოდებენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საკუთარი ტრადიციული სამოსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოჯახებში ინახება, ამ დღეს აჩვენოს სამყაროს და მოხდეს მათი დემონსტრირება ცოცხალი მუზეუმის სახით", - განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.
·