ფარცხალაძემ ამ დღეებში სილა გააწნა არა ერთ ადამიანს, მან სილა გააწნა მთელ საზოგადოებას, პარლამენტს და უმრავლესობას, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობდა.
რატიანის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიცამ პარლამენტში არაერთხელ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა, უშედეგოდ.
„როდესაც ქვეყანაში უსმენდნენ უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და უშიშროების საბჭოს მდივანს, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა. მაშინ პარლმენტმა პასუხისმგებლობა აირიდა. ამის შემდეგ იყო ქმედება, რომელიც დაკავშირებული იყო ფარცხალაძესთან, როდესაც საქმე ეხებოდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თემას. ეს იყო ეგზოტიკური მოვლენა. ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებითაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადეთ. იყო შალვა თათუხაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე, სადაც მაღალი ალბათობით ჩართული იყო პროკურატურა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა და ,,ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა გამოძიებაზე. გვსურდა საგამოძიებო კომისიის შექმნა რაფალიანცის საქმეზე. ამ საქმეში არის ორი უმძიმესი დანაშაული. ერთი დანაშაული არის ბავშვის მოკვდინება, მეორე კი უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ბინძურ ცილისწამებას ოპონენტების მიერ. ამასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვით.
იყო საყდრისის საქმეც, რომლის უკან იდგა ბიძინა ივანიშვილი. ამ მიმართულებითაც გამოძიებამ არაფერი გააკეთა. შემდეგ იყო სისტემურ კორუფციასთან დაკავშრებული საქმე, სადაც ისევ ფიგურირებდა ფარცხალაძე. ამ მიმართულებითაც ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. ამ ყველა კომისიის არ შექმნა ნიშნავს იმას, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებობს თეთრი ლაქები გამოუძიებელი საქმეებისა.
ფარცხალაძემ ამ დღეებში სილა გააწნა არა ერთ ადამიანს, მან სილა გააწნა მთელ საზოგადოებას, პარლამენტს და თქვენს უმრავლესობას. ეს არის შეურაცხყოფა და ამიტომ ვალდებული ხართ გამოიძიოთ ეს საქმე. თქვენი ღირსების საქმეა, შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია“, - მიმართა სერგო რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.
პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს მომავალ სასესიო კვირაში უყრის.