ვფიქრობ, ეს თემა ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და პარლამენტის მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება

ვფიქრობ, ეს თემა ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და პარლამენტის მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება

პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ არ გამოირიცხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, მაგრამ ჯერ დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობდა. საკითხი საპარლამენტო უმცირესობის მიერ არის ინიცირებული.

„განსახილველი თემა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა კონკრეტულად პარლამენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ერთ-ერთი პირველი კომენტარი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა იმ საკითხს ეხებოდა, რომ არ გამოირიცხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, მაგრამ ჯერ დაველოდოთ გამოძიებას. ვფიქრობ, რომ ეს თემა ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება და პარლამენტის მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება. უბრალოდ გამოძიებას თავისი ვადები აქვს. გონივრულ ვადებში ჩვენ ყველანი დაველოდებით, თუ როგორ შედეგებს დადებს გამოძიება“, - განაცხადა ძიძიგურმა.

12 მაისს, შარდენზე მდებარე კაფე „ელ ცენტროში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით და შესაბამისი დადგენილების პროექტით უმცირესობამ პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.