აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს არ უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ მათი საქმიანობა ისჯება ქუჩაში ანგარიშსწორების გზით

აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს არ უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ მათი საქმიანობა ისჯება ქუჩაში ანგარიშსწორების გზით

აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს არ უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ მათი საქმიანობა ისჯება და ისჯება ქუჩაში ანგარიშსწორების გზით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარლამენტი გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობდა.

„გთავაზობთ დადგენილების პროექტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, გამოძიებული იყოს ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის კონკრეტული დანაშაულებრივი სავარაუდო ქმედება, იყო თუ არა ეს მის მიერ ჩადენილი, იყო თუ არა ეს დანაშაულის ნიშნების შემცველი, შესწავლილ იქნას, რა გარიგებაში შევიდა თბილსის მერია ბატონ ფარცხალაძესთან, რა საკითხს სწავლობდა ქვეყნის გენერალური აუდიტორი. რაც მთავარია, აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს არ გავუჩინოთ განცდა, რომ მათი საქმიანობა ისჯება და ისჯება ქუჩაში ანგარიშსწორების გზით. ეს არის ყველაზე საშიში, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების სწორედ ჩამოშლა და დაკნინება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ვერც ერთ სამთავრობო უწყებას, ვერ ვისაუბრებთ ვერც ერთ სერიოზულ საბიუჯეტო დარღვევაზე, თუკი აუდიტორებს ექნებათ განცდა, რომ მათ ქუჩაში შეიძლება ვიღაცამ თავში წამოარტყას და სახელმწიფოში არავინ იქნება მათი უფლებების დამცველი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

12 მაისს, შარდენზე მდებარე კაფე „ელ ცენტროში“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით და შესაბამისი დადგენილების პროექტით უმცირესობამ პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.