26 მაისს ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება

26 მაისს ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება

შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა - თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, 19 მაისს „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“ გამოფენა გაიხსნება, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების, გამოცემებისა და ილუსტრაციების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას 27 მაისამდე ექნება.

„დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თსუ-ს ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური მასალას, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალური გამოცემა. მათ შორის, პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’. ასევე 1888 წლის ,,ქართველიშვილისეული’’ გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დამთვალიერებელი ასევე იხილავს მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილ (ფრანგული, გერმანული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უკრაინული, მოლდოვური, სპარსული, არაბული, ჩეჩნური, ლატვიური, ოსური და ა.შ) და ბოლოდროინდელ გამოცემებს. მათ შორის ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეულ თარგმანს, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად თავად კორეის ელჩმა გადასცა.

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალებს, ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებულ ე. წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალებს („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომელბიც მხატვარმა თბილისსა და ქუთაისში გადაიღო და სწორედ ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. ფოტოებზე ასახული არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ქართველი სახეები: გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვები; ასევე, წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტ ასლები. მათ შორის გამოიფინება იმერეთის მეფის, სოლომონ II-ისეული ე. წ. „წერეთლისეული“ ხელნაწერი, ქართლის მეფის, გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე. წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხა, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერი და სხვა“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხების ასლების გვერდით წარმოდგენილი იქნება რუსთაველის ეპოქის ხელნაწერების დიდი ოსტატობით შესრულებული ასლებიც. კერძოდ, თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი - „ვანის სახარება“, რომელიც თამარის პირადი კუთვნილება იყო, და ასტროლოგიური ტრაქტატი (1188 -1210წწ.).