საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ფილარმონიაში გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ფილარმონიაში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება. შეხვედრა თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები გაიმართა ამბროლაურში, ჩოხატაურში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთასა და რუსთავში. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საზოგადოებისთვის გაცნობის პროცესი დღევანდელი შეხვედრით არ სრულდება. მდინარაძის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეხვედებს სხვადასხვა ჯგუფთან გამართავს. 

”შევხვდებით სხვადასხვა ჯგუფებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების ჩართულობა და საზოგადოების აზრის გაგება. სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ამ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიეთ. შევეცდებით მოსახლეობის მხრიდან წამოსული აზრი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ხდება შეხვედრების სტენოგრამული ჩაწერა და მისი დაოქმება. დახარისხდება შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, რაც შეხვედრებისას გამოითქვა. შევეცდებით ყოველ მაგთანზე უმრავლესობის შიგნითაც ვიმსჯელოთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მამუკა მდინარაძემ. 

კითხვაზე, საყოველთაო განხილვების ფორმატში გაიმართება თუ არა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრას არ გამორიცხავს. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, დეპუტატის თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ფორმატზე შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა ასეთ შეხვედრაზე იფიქრონ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთთვიანია. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.