იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა

13-14 მაისს, ბორჯომში, USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) ფარგლებში გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილების მომზადება".

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

სამუშაო შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა, თიმ ბალანდმა.